აქტუალური
თინა ხიდაშელი: „უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია“

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადის

ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრ 20 ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

“დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ. ვთხოვეთ საქართველოში ჩამობრძანება მომავალ წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებში კანადის მეტად გააქტიურებაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სკოლის შექმნის ფარგლებში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მომავალ წელს უნდა გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.