საზოგადოება
მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა თებერვლისთვის გადაიდო

kanonproeqtiმაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა კიდევ ერთხელ, ამჯერად თებერვლისთვის გადაიდო. როგორც დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, იმ ორი დღის განმავლობაში, რომლებიც კანონპროექტის მეორე მოსმენის განხილვამდე დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოიყო, უმრავლესობამ და ოპოზიციამ განსაკუთრებულ პროგრესს ვერ მიაღწიეს. „ამიტომ კანონპროექტის ამ სახით მიღებას თებერვლისთვის მისი გადადება სჯობს. იმედია, სათანადო შეთანხმებებს მივაღწევთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

კანონპროექტის განხილვის გადადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაეთანხმა. მისი თქმით, ეუთოს რეკომენდაციებში მედიაგამჭვირვალობასთან დაკავშირებული ინიციატივა დადებითად არის შეფასებული. ერთადერთი შენიშვნა ის არის, რომ კანონში შესატანი ახალი ნორმები მეტ ფინანსურ გამჭვირვალობაზე იმ მედიასაშუალებებს შეეხო, რომლებიც ლიცენზიას აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებენ.

ბაქრაძის მოსაზრებით, ახლად ასამოქმედებელი ნორმები უკვე მოქმედ მედიასაშუალებებსაც უნდა შეეხოს, თუმცა ეს საკითხი კონსულტაციებზე უნდა გადაწყდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მასმედიას აღნიშნული თემის კორექტულად გაშუქებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონს მეტი ფინანსური გამჭვირვალობის საკითხები ემატება. ოპოზიციას კანონპროექტზე რამდენიმე შენიშვნა აქვს. კერძოდ, ''ქრისტიან-დემოკრატების'' ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მედიასაშუალებების ფლობასთან დაკავშირებული აკრძალვა როგორც თანამდებობის პირებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე გავრცელდეს.