ამირან გარდაფხაძე 40 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ამირან გარდაფხაძე პატიმრობიდან 40 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოფიციალური ვერსიით, გარდაფხაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, არაოფიციალური ვერსიით კი პატიმრობა მამის - სოზარ გარდაფხაძის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდება. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, სოზარ გარდაფხაძე ხეტყის ბიზნესით იყო დაკავებული.
"აღსანიშნავია, რომ ამირან გარდაფხაძის დაკავება ცოტა ხნით წინ უსწრებდა ლენტეხის რაიონში ე. წ. უკანონოდ გაჩეხილი ტყის გამოვლენას. მისი დაკავებაც, ვფიქრობ, ხალხის თვალში სამაგალითოდ და საჩვენებლად მოხდა - თანამდებობაც ვერ გიშველითო, მაგრამ ფაქტია, რომ ფული საქმეს შველის. რაში აწყობთ ამდენი ხალხის საპატიმროში ჩაყრა? თუ ამ პრინციპით იარეს, მთელი სვანეთის დაჭერა მოუწევთ. მთავარი მათთვის თანხის ამოღებაა და სწორედ ამაზე არიან მაქსიმალურად ორიენტირებულნი. მაგრამ საქმე ისაა, რომ სვანეთი ოქროს საბადო არ არის და ხალხს აქ ძალიან უჭირს",- განუცხადა საქინფორმს ამირან გარდაფხაძის ახლობელმა, რომლის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ.