პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაეროს მიზნებია, დაიცვას შთამომავლობა ომისგან, რომელმაც ჩვენს თაობას უკვე ორჯერ გამოაცდევინა კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიმწარე; ხელი შეუწყოს რწმენის გაღვივებას, რომ დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები, ყველა ადამიანის ღირსება, ასევე დიდი და მცირე ერების თანასწორი უფლებები; უზრუნველყოს პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის დაცვას; ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესს და თავისუფალი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ჯგუფის თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მადლობას უხდის გაეროს იმ როლისთვის, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში ასრულებს.

გაერო თავისი ფონდების მეშვეობით საქართველოს მთავრობის თანადგომას აგრძელებს, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებები, ხელი შეეწყოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერდეს სოციალური სამართალი“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ხელი მოაწერეს გაეროს პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმას საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი გაზრდის საქართველოს როლს გაეროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.