პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: „უსაფუძვლოა ყველა ეჭვი, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხები“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმის გახსნამდე, კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა  რუსეთის პოლიტიკა იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო ვიზიტი, რომელზეც ერთადერთი განსახილველი თემა იყო რუსეთი და მისი ქმედებები. ევროპაში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ შექმნილ ფონზე,  მთავარი საკითხი რაზეც თავდაცვის მინისტრები, კონფერენციის გახსნამდე, დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით და ვსაუბრობთ ეს არის სწორედ რუსეთის თემა. უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს უკვე დადასტურდა კიდეც სწორედ იმ ფაქტით, რომ კონფერენციის დაწყებამდე მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაზეც გვინდა რომ ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არის რუსეთი“,- განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.