პრეზენტაციისა და წიგნების ავტორ რუს მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობა”. მონაწილეობდნენ ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწენი, სასულიერო პირები, პუბლიცისტები, მწერლები, ჟურნალისტები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ყოფილი პირველი მდივანი, სრულიად საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი; აკადემიკოსი, საქართველოსა და რუსეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი ნაპოლეონ ქარქაშაძე; “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ნანა დევდარიანი; პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარე, პუბლიცისტი ვალერი კვარაცხელია; არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრი თემურ ქორიძე, ისტორიკოსი დავით გოგიშვილი და სხვ.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგნენ წიგნის “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან” - ერთ-ერთი ავტორი, შემდგენელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი მიხეილ რიჟენკოვი და წიგნ “უკრაინა და რუსეთის” პირველი ტომის შემდგენელი და ავტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის სამეცნიერო ცენტრის თავმჯდომარე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გენადი მატიშოვი.
“გეორგიევსკის ტრაქტატის 230 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნზე მუშაობა, - განაცხადა მიხეილ რიჟენკოვმა, - წლების წინათ რამდენიმე ცნობილმა რუსმა მეცნიერმა დაიწყო. კრებული საკმაოდ დიდი მოცულობისაა, 400 დოკუმენტიდან, რომლებიც აქ დაიბეჭდა, 287 პირველად ქვეყნდება”.
წიგნი “უკრაინა და რუსეთი” მდიდრული, კარგად ილუსტრირებული გამოცემაა. ამ წიგნის ავტორ გენადი მატიშოვს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული სოციალური პროცესების, ადამიანების ურთიერთობის, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე. მისი თბილისში ჩამოსვლა, პრეზენტაციასთან ერთად, განაპირობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილმა ქართველოლოგთა პირველმა საერთაშორისო კონგრესმა, რომელზეც მიწვეული იყო.
ჯუმბერ პატიაშვილმა დოკუმენტების კრებული შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი მეცნიერული ფაქტი, რომელშიც შესულ დოკუმენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთ-საქართველოს ობიექტური ისტორიის ჩამოსაყალიბებლად. “გეორგიევსკი ტრაქტატისადმი მიძღვნილი დოკუმენტების შესწავლა განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდობისთვის. დარწმუნებული ვარ, - თქვა მან, - ისტორიის ცოდნა მათი მომავლის მყარი საფუძველია. ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე საქართველოს არ აქვს და არც ექნება პერსპექტივა.
ცუდია, როცა ისტორიის ფალსიფიცირება ხდება. რა მოხდა აფხაზეთში, როგორ დავკარგეთ სამხრეთ ოსეთი თითქოს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სრულ სიმართლეს არასდროს ვამბობთ. იმასაც ბოლომდე არ ვამბობთ, რაც დღეს ხდება. 2008 წლის აგვისტოს შესახებაც უმეტესად დუმილს ვამჯობინებთ.
კრებულში გამოქვეყნებულ დოკუმენტებს უნდა გაეცნოს ჩვენი საზოგადოებრიობა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ისინი ჩვენი ახალგაზრდობისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”.
პრეზენტაციის ორგანიზატორის - ტარიელ გაგნიძის აზრით, სიტყვის თავისუფლებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, დადებითის გარდა, უარყოფითი მხარეც აქვს. ბევრმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და ხელი მოჰკიდა ისტორიის გადაკეთების, სათავისოდ მორგების საეჭვო საქმეს, მიზანში ამოიღეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც, მახინჯდებოდა ფაქტები და კონიუნქტურულ ინტერესებს ესადაგებოდა.
“რა გვესმის ბოლო 20 წლის განმავლობაში? როგორ ისტორიას გვასწავლიან იძულებით? _ გვეუბნებიან, რომ საბჭოთა კავშირი იყო ხალხთა საპყრობილე, მაშასადამე, ჩვენ, ქართველები, ამ საპყრობილის პატიმრები ვიყავით; რომ რუსეთის იმპერიას მისი აღზევების ზენიტში მართავდა სისხლიანი ტირანი იოსებ სტალინი, მის რეპრესიულ მანქანას კი - ცნობილი ჯალათი ლავრენტი ბერია! ისიც - ქართველი! უჩვენოდ ვერ ძლებენ! გიორგიევსკის ტრაქტატის დადება კი საქართველოს ისტორიის ლამის უდიდეს უბედურებად გამოაცხადეს. ეს მხოლოდ ჩვენს თემასთან დაკავშირებული ფაქტებია, თორემ ფალსიფიკაცია გაცილებით მეტი იყო, – აღნიშნა ტარიელ გაგნიძემ, – პირველი,ვინც ამხილა ეს მავნებლური ტენდენცია, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია გახლავთ. მან 2007 წელს რუსულ პრესაში გამოაქვეყნა წერილი სათაურით “საჭიროა ისტორიული სიმართლე”. ამ წერილში მან პირველმა ილაპარაკა საჯაროდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისტორიის გაყალბებაზე, ამ სიყალბის კონკრეტულ ავტორებსა და მავნე პროცესის შედეგებზე. ამ წერილით პოლიტოლოგმა დასაბამი მისცა ფრიად საჭირბოროტო საკითხის საჯარო განხილვას და ამ თემას საზოგადოების ყურადღება მიაპყრო. ცოტა მოგვიანებით, 2009 წლის დასაწყისში, იგი იყო ინიციატორი, საქართველოში ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა უფრო ორგანიზებულად გვემუშავა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. შედეგად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც“ისტორიული მემკვიდრეობა” ვუწოდეთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ წერილით, რომელშიც ვატყობინებდით ჩვენი წამოწყების თაობაზე და ვთხოვდით, ანალოგიური საქმიანობა წარმართულიყო რუსეთშიც. ჩვენს მიმართვას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ბატონი მედვედევი, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი.
2009 წლის 27 მარტს მივიღეთ დიმიტრი მედვედევის საპასუხო წერილი, რომელშიც იგი მიესალმა ჩვენს ინიციატივას, უწოდა მას დროული, აქტუალური და ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა და რუსმა ხალხებმა ერთობლივი წარსულით უნდა ვიამაყოთ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა პოსტსაბჭოთა ისტორიაში, როცა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი პირადად გამოეხმაურა (და თანაც _ დადებითად) არასამთავრობო სექტორის მიმართვას”.
ძველი აქტების რუსეთის სახელმწიფო არქივის დირექტორმა და პრეზენტაციაზე გამოტანილი კრებულის თანაავტორმა მიხეილ რიჟენკოვმა გაიხსენა, როგორ აღინიშნა 30 წლის წინათ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 200 წლის იუბილე, როგორ დაიდგა მოსკოვში რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ძეგლი, ასევე, ის, რომ ამ თარიღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ჟურნალში, მისი, როგორც ახალგაზრდა მეცნიერის, პირველი სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა. საქართველოში ამ თარიღს მიეძღვნა ისტორიკოსების _ გიორგი პაიჭაძისა და ვალერიან მაჭარაძის შრომები.
30 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა.
აკადემიკოსმა გენადი მატიშოვმა განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში გასარკვევად საჭიროა ობიექტურად, აკვიატებული სიმპათიის ან ანტიპატიის გარეშე გავითავისოთ ისტორიული დოკუმენტები. წიგნ “უკრაინა და რუსეთის” პირველი ტომი ისეა დაწერილი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა გაიგოს, როგორ ვითარდებოდა უკრაინელებისა და რუსების ურთიერთობა.
პრეზენტაციაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ წიგნების ავტორები და სტუმრები.
"საქართველო და მსოფლიო"
2015 წელი, 18 ნოემბერი.