საზოგადოება
ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1-b-mtavarსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული ყველა დიასპორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ფრაქციასთან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმა მარგალიტა ხიდირბეგიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილ საზოგადოებას ტოლერანტობის დღე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიულოცა და ფრაქციას ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ქართველებსა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის არსებულ ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის დღე მიულოცა.

„თბილისის დაარსების დღიდან ქართველების მხარდამხარ სხვადასხვა ერისა თუ ეთნოსის წარმომადგენლები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, რომლებთანაც ძმობისა და მეგობრობის ხიდი გვაკავშირებს. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება “, - განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ფრაქციასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ურთიერთობათა გაღრმავებაა. მისივე თქმით, საბჭოს მუშაობის ფორმატში არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და მრავალი პროექტი განხორციელდა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკრებულოში შექმნილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭო დალოცა.

რიმა ბერაძემ საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთან, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა, როგორიცაა „მეგობრობის სახლის“ შექმნა, რომელიც გადაწყვეტის ფაზაშია, ასევე ბაკურიანში ტოლერანტობის ბანაკის ამოქმედება,  სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაცია.

დეპუტატმა საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროექტ „ვისწავლოთ ქართულის“ თაობასაც გაუსვა ხაზი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 13 რაიონის, 56 სოფელში, 2500-მა მსმენელმა სახელმწიფო ენის შესწავლა შეძლო.

დღესვე რიმა ბერაძემ არაქართული არქიტექტურული ძეგლებისა და ქართული სახელმწიფოს მხრიდან მათი მოვლა-პატრონობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დასასრულს, დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს იმ აქტივობების ჩამონათვალი გააცნო, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის, რელიგიური მრწამსის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებებია დაცული. საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია თანასწორობის პრინციპებზეა დამყარებული. მჯერა, რომ ერთად ყოფნით, მეგობრობით, ურთიერთთანადგომით კიდევ უფრო საინტერესო მატიანეს შევუქმნით ჩვენს დედაქალაქს. ჩვენი სამაგალითო ქართული ტოლერანტობით მართლაც სანიმუშო მაგალითი ვიქნებით ყველა ერისთვის, რომელიც დღეს ასეთი პრიორიტეტულია დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში 13 ეთნოსისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშების კუთხეები იყო წარმოდგენილი. სულ კი ღონისძიებას 30-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ესწრებოდა.

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო, ხოლო ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.

1-b-1 1-b-2
1-b-3 1-b-4
1-b-5 1-b-6
1-b-7 1-b-8
1-b-9 1-b-10
1-b-11 1-b-12
1-b-13 1-b-14
1-b-15 1-b-16
1-b-17 1-b-18