სამართალი
პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა

1-prokur-samart-2საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ. მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში  დაკავებულისთვის  ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.