შსს-მ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველო, 13 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ადვოკატი მიხეილ მ. და წარსულში ნასამართლევი
შახვალად ხ. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
ადვოკატი მიხეილ მ, თანამზრახველ შახვალად ხ-სთან ერთად, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მაგამედ მირზა მ-ს მსჯავრდებული შვილის ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 60 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა მიხეილ მ. რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თაღლითური გზით მიღებული დიდი ოდენობით თანხით, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის სალონიდან 60 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა შახვალად ხ. თანამზრახველის - მიხეილ მ-ს ბინაში დააკავეს.