აქტუალური
აჭარის მთავრობაში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი 11 ნოემბრის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით (ვიდეო)

adjara-aqtual-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიფინგი გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ. აჭარის მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის ზიანის აღმოსაფხვრელად და დასადგენად.

ძლიერი ქარის შედეგად  ქობულეთში რამდენიმე ადგილას  წაიქცა ხე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი, მათ შორის ერთი მრავალბინიანი სახლი და   ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის სახურავი. დაბა ჩაქვში დაინგრა  საცხოვრებელი სახლი. ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში, ქედქედსა და კაპრეშუმში ძლიერი ქარის შედეგად  დაზიანებულია რამდენიმე ოჯახის სახლის სახურავი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება ქედაში.  სოფელ  მახუნცეთში მდინარის კალაპოტის შეცვლის შედეგად საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის  უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.  სოფლებში: ცხმორისში, დანდალოში, ოქტომბერში, პირველ მაისში, ზვარეში და წონიარისში მოსახლეობას მიადგა სხვადასხვა სახის ზიანი. რამდენიმე  ადგილას განვითარდა მეწყერული მოვლენები, რის გამოც გვიან ღამით ჩახერგილი იყო გზა. ამ დროისათვის  საგზაო ტექნიკა მუშაობს შიდა გზების გაწმენდაზე (ვიდეო იხ. აქ).

შუახევში 10-მდე სოფელში ძლიერმა ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების სახურავები. მეწყერის შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზები სოფელ ტაკიძეებში, ხაბელაშვილებში, ვანში, დღვანში, უჩამბაში. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მობილიზებულია გზების დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენიმე ოჯახი გახიზნული იქნა უსაფრთხო ადგილებში.

ხულოს მუნიციპალიტეტში, მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის „კათხევას“ მონაკვეთზე, დიდი რიყეთის სოფლის  გზაზე.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები ზემო ვაშლოვანში, სოფლებში ქურდულში, ფაჩხაში, ბოძაურში, აგარაში, რაგვთაში, წაბლანაში, კვატიაში, ჩაოში, კორტოხში, პაქსაძეებში, ბერლეთში.  ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი ფაჩხაში ბახმაროს დაწყებით სკოლას.

განვითარებულია მეწყერული პროცესების ადგილებში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ინტენსიური თოვლის, ქარბუქისა და ნალექის შედეგად  შეზღუდული ხილვადობის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის  გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე  შეზღუდულია მოძრაობა.

აჭარის მოსახლეობას გაზი მიეწოდება შეუფერხებლად. სხვადასხვა ლოკაციებზე დაზიანებების გამო  რეგიონის მასშტაბით    ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი  27 593 აბონენტი.