პოლიტიკა
„ჩვენ მზად ვართ ნატოსთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები და ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად“ – თინა ხიდაშელი

1-gotovi-polit-3-analitსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „გვჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება“,- აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო ინტერნეტპორტალ "ევრო დიალოგი XXI"-სთან ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება - საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ ნატოსთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. საქართველო მეგობარი სახელმწიფოების სანდო და ერთგული პარტნიორია. მთავრობა დემოკრატიული, პოლიტიკურად პროგნოზირებადი და საიმედო მოკავშირეა, ქართული ჯარი კი - ანგარიშგასაწევი ძალა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობას ნატოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 2016 წლის „ვარშავის სამიტთან“ დაკავშირებით კი მინისტრის მოლოდინი ასეთია:

„მთავარი მიზანი უცვლელია - ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები და ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. გვჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება და საქართველოს პროგრესი ღიად, თამამად და ყველასთვის გასაგებ ენაზე დაფიქსირდება. ჩვენ, ყველას ერთად გვჭირდება ხელშესახები შედეგი. ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ ფაქტია“.