სამართალი
თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

1-mdinar-samart-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული.

"ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.

როგორც ჭკადუამ განaცხადა, გიორგი მდინარაძე დაინიშნა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად და როდესაც განყოფილებაში მივიდა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცემაში მონაწილეობდა და დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტული განყოფილების უფროსს. უნდა დაიგმოს და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე იყო ამ ქვეყანაში გაბატონებული", - განაცხადა ჭკადუამ.

რამდენიმე წუთის წინ საქინფორმისთვის ცნობილი შეიქნა, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსი თანამდებობიდან მოხსნეს და შსს-ს კადრების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს.