პოლიტიკა
მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე გვარამიას განათლების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მოსამართლე კოპალეიშვილი გვარამიას მოადგილე იყო, როცა ის იუსტიციისა და განათლების მინისტრად მუშაობდა

1-bila-polit-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტი მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვს. აცილების მიზეზად პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მოსამართლეები შესაძლოა არ იყვნენ მიუკერძოებლები.

„მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო რუსთავი 2-ის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები - იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და „რუსთავი 2-ისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერმიღება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებების იგნორირებით მიმართა მის მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში დაგმობილ საიდუმლო მართლმსაჯულებას და სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მან გაითვალისწინა მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოსაზრებები და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხე მხარეს, დაესაბუთებინა საპირისპირო", - აღნიშნულია, კერძოდ, განცხადებაში.