აქტუალური
საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, - ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.
“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.
შეხვედრისას იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივად ახორციელებენ; მათ შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.