პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველოს ხელისუფლების მარგინალიზაციიდან - მარგველანიზაციამდე“

1-arno-polit1-red1917 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, დამყარდა პროლეტარიატის დიქტატურა, ასევე, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და კულტურული რევოლუცია.

2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის შედეგად, საქართველოში დამყარდა მარგინალების დიქტატურა –ადამიანთა ჯგუფის, რომლებიც უგულებელჰყოფენ ქვეყნის ტრადიციებს და ამკვიდრებენ ნორმებისა და ღირებულებების საკუთარ სისტემას. მარგინალებმა მოახდინეს მხოლოდ კულტურული რევოლუცია, ჩარეცხეს რა უნიტაზში მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა და დაამკვიდრეს ქართველებისათვის უცხო დასავლური ღირებულებები.

2007 წლის 7 ნოემბერს მარგინალებმა ჩაახშვეს პატრიოტული ძალების მცდელობა, დაებრუნებინათ ხელისუფლება ქართველი ხალხისათვის, ჩაატარეს რა სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია მრავალათასიანი საპროტესტო აქციის დასარბევად, თუმცა, 2012 წლის 1 ოქტომბერს იძულებული გახდნენ, დაეთმოთ ძალაუფლება.

2015 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის მარგინალებმა და ხიდაშელი - უსუფაშვილის რესპუბლიკელებმა მიიღეს დასავლეთის დემონსტრაციულად ღია მხარდაჭერა, პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო შემოიკრიბნენ და განაცხადეს პრეტენზია ძალაუფლებაზე. თუკი ხელისუფლების მარგველანიზაციის შედეგად, მათ გამოუვათ მორიგი ხავერდოვანი სახელმწიფო გადატრიალება, ქვეყანაში დამყარდება მარგველანების დიქტატურა – გაცილებით იმაზე საშიში, ვიდრე 2004–2015 წლებში.

დიქტატურა მყარდება! არავინ იცის, როგორი დიქტატურა იქნება ეს და ვინ მოვა, რომელი დიქტატორი და როგორი წესრიგი დამყარდება“, – განაცხადა სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ სსრკ–ის სახალხო დეპუტატთა მეოთხე ყრილობაზე, 1990 წლის 20 დეკემბერს. შევარდნაძისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ 2014 წლის 4 ივნისს, როცა ღარიბაშვილმა განაცხადა - ნაცმოძრაობა რადარებიდან გაქრაო, მე ზუსტად ვიცოდი – როგორი დიქტატურა იქნებოდა ეს და ვინ მოვიდოდა.

საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვერ გაუწევს წინააღმდეგობას დასავლეთს - აშშ-ს, ევროკავშირსა და მარგველანებ-ს – მარგველაშვილის, რესპუბლიკელების, ალასანიას და 3–წლიანი კოჰაბიტაციის შედეგად მომძლავრებული „ნაცმოძრაობის“ ტანდემს. ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილის მთავრობა ჩამოგდებული იქნება ტელეარხი „რუსთავი 2“–ის მიერ ისევე, როგორც შევარდნაძის მთავრობა 2003 წლის ნოემბერში.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს 2 მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა და მოაშორა პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ქართველები დაეცვა გლობალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის მთავარი იარაღის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“- გან, რომელიც 2003 წლიდან დღემდე მეთოდურად ანადგურებს ქართულ ეროვნულ კულტურულ მართლმადიდებლურ ტრადიციებს და სანაცვლოდ, ლგბტ–ფასეულობებს ამკვიდრებს.

საქართველოს მთავრობა ვერ რისკავს ამერიკული პროპაგანდისტული მანქანის – დივერსიული ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ძირგამომთხრელი საქმიანობის აღკვეთას, რომელიც სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით (ძებნილი საერთაშორისო ტერორისტის, რომელსაც კაცობრობის წინააღმდეგ დანაშაული აქვს ჩადენილი!) აგერ უკვე მეორეჯერ ახორციელებს საქართველოში „ფერად რევოლუციას“ - სახელმწიფო გადატრიალებას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის/ხელში ჩაგდების მიზნით. ამის ნაცვლად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება „სირაქლემას პოზაში“ ჩადგა - გაემიჯნა „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, უწოდა რა მათ „მფლობელებს შორის კერძო დავა, რომელშიც დემოკრატიული ხელისუფლება არ ერევა“…

სამარცხვინო სასამართლო მაიმუნობა, ფურცელზე რომ ანაწილებს ტელეკომპანიის წილებს ერთი უცნობი პიროვნებებისგან  – მეორეზე; სახელმწიფო კანონების უპრეცედენტო ცვლილებები ერთი ტელეკომპანიის სასარგებლოდ სასამართლო პროცესების პარალელურად (სასამართლო აღასრულების შეჩერება ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებამდე); დროებითი მმართველების დანიშვნა, რომელთა შეცვლასაც შემდგომ სასამართლოს მიერ უფლებამოსილებაშეჩერებული მენეჯმენტის სასარგებლოდ სთავაზობენ, მოქალაქეთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს! ქართველი ხალხი შეურაწყოფილია ტელეეკრანზე ცინიკური მენტორის – ამერიკის ელჩი კელის თითოეულ გამოჩენით, რომელიც უტიფრად ცრუობს და ჭკუას არიგებს საქართველოს მთავრობას! ქართველი ხალხი იფურთხება საზიზღარი არასამთავროების - ლომჯარიას, ხოშტარიას, ლაგაზიძის, ნაცვლიშვილისა და კინწურაშვილის ყოველი ტელეგამოცხადების დროს!

ამვდროულად, გამოცდილი პროვოკატორები – „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანები უკვე გამოვიდნენ ტელეკომპანიის ეზოში, თითქოს ისინი გარეთ გამოყარეს ისევე, როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცნაზმა, სააკაშვილის ბრძანებით, ქუჩაში გაყარა ტელეკომპანია „იმედის“ მთელი პერსონალი! და იქიდან მიჰყავთ ვულგარული პირდაპირი ტელეეთერები ღია მოწოდებებით ახალი „რევოლუციისკენ“, შოპენის №12 ეტიუდის „რევოლუციური“–ს თანხლებით, თუმცა გუშინ, 8 ნოემბერს, მათი „კონცერტის“ მხარდასაჭერად 200 კაცზე მეტი არ მისულა.

მოქმედი ხელისუფლების დამხობის მოწოდებები უკვე წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად დანაშაულს, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ხელთა აქვთ გაცილებით უფრო წონადი ფაქტები – მობილური სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, გაშიფრული მოსმენები და სააკაშვილის ელექტრონული მიმოწერა თავის თანამოაზრეებთან, რომლებიც უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა.

მაშ რაშია საქმე?! ნუთუ ეს ყველაფერი ასევე გრანდიოზულად დადგმული სპექტაკლია საქართველოში, აშშ–ის მსგავსად, ორი პარტიის შესანარჩუნებლად, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ხელისუფლებასა და ოპოზიციაში? ოღონდ იქნება კი ამ ამერიკული წესებით თამაშში ადგილი „ქართული ოცნებისათვის“?!

ან იქნებ მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში მოღალატეთა და იდიოტთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, რომლებიც, ძირითადად, პოლიტიკურ ელიტაში შეგროვდნენ?! გამყიდველი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ყველა ჩინოვნიკი, რომლებიც დღეს „ქართულ“ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს წარმოადგენენ?

ყველა, ვისაც ივანიშვილმა მილიონობით დოლარი ჩამოურიგა, და ისინი, ვინც დოლარიც ვერ დასტყუა (მაგალითად, იდიოტი ნათელაშვილი და ერთი–ორმა მისმა თანაპარტიელმა) დღეს მარგველაშვილთან გადაინაცვლეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად ივანიშვილმა დანიშნა. ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარედა დანიშნა უსუფაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ქადაგიძე, თავდაცვის მინისტრად – ალასანია და ხიდაშელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დატოვა კუბლაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ – პაპუაშვილი. ისინი გაიმარჯვებენ ყოველთვის, სანამ საქართველოს ხელისუფლება ყურს არ მიაპყრობს თავის ხალხს და იცრუებს, რომ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში გვინდა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილ
2015 წლის 9 ნოემბერი
საქართველო, თბილისი