სამართალი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 130 401 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ სცნო ერთი პირი.
საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ იაპონური კომპანიის „HONDA SUISAN CO LTD“-ის წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ მათი კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა დიდი ოდენობით ფულადი თანხები.
დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი. პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირი, დაყადაღებული იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებული თანხა”, - აღნიშნულია, კერძოდ, განცხადებაში.