სვანეთის მოსახლეობა დაჭერების მორიგ სერიას ელის
როგორც საქინფორმს ადგილობრივებმა აცნობეს, ამ დროისთვის გარემოს დაცვის ინსპექციასთან ერთად ლენტეხის რაიონში თავდაცვის სამინისტროც მუშაობს. "ე.წ. უკანონოდ მოჭრილი ხეტყის საქმე ძიებაშია და მეპატრონეები ოფიციალურად არ გამოუვლენიათ, თუმცა რამდენიმე პირის მიმართ ეჭვი უკვე გამოითქვა. დაჭერების სერია კი მას შემდეგ დაიწყება, რაც გარემოს დაცვის ინსპექცია რეინჯერებს თავიანთ უბნებს შეუმოწმებს და ტყეში შევლენ.
ამ დროისთვის ხეტყის გადამამუშავებელი საწარმოების მეპატრონეებს, სადაც, მათი თქმით, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე აღმოაჩინეს, 10-10 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს. იმ ფაქტორს არავინ ითვალისწინებს, რომ სვანეთში თავის რჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ ხეტყეზე მუშაობაა და არც ერთ ოჯახს ამ ოდენობის თანხის გადახდა არ შეუძლია. გარდა ამისა, რამდენიმე მეწარმეს ხეტყის დამუშავების უფლება ტენდერის საშუალებით ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ხმაურიან ამბებს ველით," - აცხადებს მოსახლეობა.
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, გარემოს დაცვის ინსპექციამ ლენტეხის რაიონში მონიტორინგის შედეგად უკანონოდ მოჭრილი 100 კუბური მეტრი ხეტყის მასალა აღმოაჩინა. საქმე ძიებაშია.