საზოგადოება
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 30 ოქტომბერს გამოფენილ ნახატს, სადაც ღვთისმშობელი თვითმკვლელ მდგომარეობაშია გამოსახული, პროვოკაციად აფასებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლაშა ციბაძის განცხადებით, ევროკონვენციის რიგი დებულებების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა, ამავე დროს, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. „როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს მართლამდიდებელ ქრისტიანს, მართლმადიდებლური აღმსარებლობა გაიგივებულია საერთო ეროვნულ ცნობიერებასთან, „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებშიც კი ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება. რათა, გამოხატვის თავისუფლების უფლება არ გახდეს აგრესიული იარაღი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.ლაშა ციბაძის განცხადებით, აღნიშნული ნახატის შემსრულებელს შეეძლო დაეხატა ის რაც სურდა, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. მისივე თქმით, თავისუფლად შეიძლება პარალელების გავლება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 2015 წლის იანვრის ნომერში დაბეჭდილ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურასთან, რომელმაც შეურაცხყო მუსლიმი მრევლის რელიგიური გრძნობები.
ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანის უფლებები თანასწორია და ყველამ პატივი უნდა სცეს სხვის რწმენასა და აღმსარებლობას.