პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი განცხადება შუალედური არჩევნების შესახებ

1-alians-POLIT-1-ANALITსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა (5-ვე) საარჩევნო ოლქში გამარჯვება მიიტაცა მმართველმა პარტიამ. საქართველო, კიდევ ერთხელ ჩადგა ყველაზე უფრო ავტორიტარული რეჟიმების რიგში, სადაც საარჩევნო ოლქების 100%-ს სახელისუფლებო გუნდი იგებს.

ბრეჟნევის დროის „საუკეთესო“ ტრადიციებში ერთ-ერთ (ვანის) საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ ხმების 100% მიიღო.

არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური გაყალბების ფონზე. ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი,რომლებსაც გასულ წლებში "მოქალაქეთა კავშირი" და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავდნენ არჩევნების გასაყალბებლად, მ.შ:

ადმინისტრაციული რესურსების, შეიარაღებული ძალების, პოლიციის და სუს-ის მობილიზება და საარჩევნოდ გამოყენება, რაც დაგვირგვინდა დღის დასასრულს, როდესაც პირადად თავდაცვის მინისტრი აგროვებდა საუბნო კომისიების ოქმებს და აჯამებდა ხმებს.

ტოტალურ გაყალბებას ადასტურებს ის ერთადერთი პარტიაც კი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და ხელისუფლების მიმართ შედარებით კონსტრუქციული მიდგომებით გამოირჩევა - პატრიოტთა ალიანსი. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის საკითხზე არსებობდა განსხვავებული პოზიცია და დაპირისპირება, არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოლომდე იბძოლებს გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და გამარჯვებული კანდიდატის ხმების დასაცავად.

შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ აჩვენა, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს არასაპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელი იძულებული გახდეს გაატაროს საარჩევნო რეფორმა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა და 2016 წელს მშვიდობიანი გზით გადააბაროს ქვეყნის მართვის  სადავეები დემოკრატიულ ძალებს.

1. ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე
2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე
3. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
4. თავისუფალი საქართველლო - კახა კუკავა
5. თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია
6. ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი
7. პატრიოტთა ალიანსი - დავით-თარხან მოურავი
8. რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი
9. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის - ზურაბ ხარატიშვილი
10. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გოჩა ჯოჯუა

3 ნოემბერი, 2015