უცხოეთი
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, 125 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, 15 პოლიტიკური პარტიიდან და გაერთიანებიდან, 767 კანდიდატი იბრძოდა.
არჩევნებში მონაწილეობის დონემ 55.7% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 5%-ით მეტია.აზერბაიჯანის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ გაიმარჯვა და პარლამენტში 72 დეპუტატი შეიყვანა. გარდა „ახალი აზერბაიჯანისა“ მთლიანობაში ათმა პარტიამ პარლამენტში 12 დეპუტატის შეყვანა მოახერხა, ხოლო 41 დეპუტატი კი მაჟორიტარია. არჩევნების შედეგების მიხედვით, 26 დეპუტატი პირველი ვადით იქნა არჩეული.
არჩევნებს 53 ქვეყნის დამკვირვებელი ესწრებოდა. დამკვირვებელთა დელეგაციების საერთო მოსაზრებით არჩევნებმა გამჭვირვალედ ჩაიარა.
აზერბაიჯანის უმაღლესი საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს 20 დღეში გამოაქვეყნებს. დეპუტატები კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ შეუდგებიან მუშაობას.