აქტუალური
ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

sheraton19 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, დააგემოვნოს ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული ჩაი. გამოფენაში მონაწილეობას 18 ადგილობრივი კომპანია მიიღებს.

2009 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტი განხორციელდა უზბეკეთში, უკრაინაში, თურქმენეთში, მონღოლეთში, გერმანიაში, სერბეთში, მონტენეგროში, ტაჯიკეთში, ბელარუსში, ჩეხეთში, აშშ-ში, ყაზახეთში, პოლონეთში, კანადაში, მოლდოვასა და ნიდერლანდებში. ქართული ჩაის ექსპორტი 2008 წელთან შედარებით 2009 წელს 5%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და დაეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს, კიდევ უფრო გაზარდონ საექსპორტო არეალი.