ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს ბინების უკანონო მოთხოვნაში ადანაშაულებს
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში მცხოვრებ დევნილთა და ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულები არიან. უფრო მეტიც, რამდენიმე ბინა აქვთ და მიუხედევად ამისა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კიდევ ითხოვენ საცხოვრებელ ფართებს.
მათ შორის არადევნილებიც არიან. მაგალითად, ლიკა ჩხეტიანის ოჯახი, რომელიც ყოფილი “სააღსრულებო ბიუროს” შენობაში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ ფართი არ გააჩნია და, თუ აღნიშნული შენობიდან გამოიყვანენ, ქუჩაში რჩებიან. არადა, ჩხეტიანის დედა დევნილი არაა, ხოლო ლიკა ჩხეტიანი და მამამისი - ზამირ ჩხეტიანი ქუთაისში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში საცხოვრებელ ფართს ფლობენ. გარდა ამისა, ლიკა ჩხეტიანის ბაბუა, კაპიტონ ჩხეტიანი მეუღლესთან ერთად თბილისში, გლდანის ყოფილი კარტოგრაფიის შენობაში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათ 2 ბინა აქვთ და მესამეს დაკანონებასაც ითხოვენ. იმავე შენობაში ცხოვრობს გურჩიანების ოჯახიც. ქალბატონი მედეა გურჩიანი აცხადებს, რომ მას საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. არადა, სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია. მის მამამთილს, მურთაზ მერლანს, როგორც კოდორიდან დევნილს, სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მიღებული აქვს. სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები რამდენჯერმე ვერ დაკმაყოფილდებიან. სამინისტრო უნდა იყოს სამართლიანი და ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ზოგ დევნილს არაფერი ჰქონდეს, ზოგს კი - რამდენიმე ბინა“. ჯერჯერობით ლტოლვილებს სამინისტროს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.