საზოგადოება
ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო თავისუფალი, პრესის თავისუფლების კუთხით კი - ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

1-freedom-sazog-1-analitსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2015 წლის ინტერნეტთავისუფლების ანგარიში, სადაც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების კუთხით მდგომარეობაა მიმოხილული.

ანგარიშის თანახმად, ინტერნეტთავისუფლების კუთხით საქართველომ პოზიცია ორი პუნქტით გააუმჯობესა და 100-დან 24 ქულა მიიღო, აქედან 0 - საუკეთესო მაჩვენებელია.

Freedom House-ი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიისა და ICT (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) აპლიკაციების, ასევე პოლიტიკური და სოციალური კონტენტების დაბლოკვის ფაქტები.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების თვალსაზრისით საქართველომ 25-ბალიანი სისტემით 7 ქულა მიიღო, აქედან საუკუთესო მაჩვენებელი - 0-ია.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტ და მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ იზრდება, სერვისის მაღალი საფასური, "შეუსაბამო" ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ რჩება დამაბრკოლებელ ფაქტორებად. მთავრობამ განაცხადა, რომ ამ პრობლემებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს", - წერენ ანგარიშის ავტორები.

"2014-2015 წლებში არ ყოფილა საჯაროდ დაფიქსირებული ცენზურის შემთხვევები მთავრობის ან ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან. სახელმწიფო დაწესებულებები ვებკონტენტს სისტემატური მანიპულაციების მიზნით არ იყენებენ. მეორე მხრივ, ონლაინკონტენტი ქვეყანაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ინტერნეტმომხმარებლები კი, სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალური მედიის ინსტრუმენტებს, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელების მიზნით", - აღნიშნავს Freedom House-ი.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის კუთხით, საქართველომ 40 ქულიდან 11 მიიღო, აქედან საუკეთესო მაჩვენებელი 0-ია.

ანგარიშის ავტორთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს თვალთვალის შესახებ კანონში შესწორებები შეიტანეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კვლავ მოსაგვარებელი საკითხები არსებობს.

ანგარიში 2014 წლის ივნისი-2015 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.