აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „მომავალ პარლამენტში ინგლისურენოვანი, უფრო განათლებული და დახვეწილი ხალხი უნდა მოვიდეს“
1bidzo-aqt-3-anსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მე ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიქნები "ქართული ოცნების" მომავალ არჩევნებში, ვიქნები საჯაროდ, არავითარ კანონს არ ვარღვევ, ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. ყველა ჩემი რესურსით, რაც შემიძლია, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ "ქართულ ოცნებას" და მაქსიმალურად მხარში დავუდგები, -ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში, "იმედის" ეთერში გააკეთა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი პარლამენტი უნდა შეიცვალოს. "გუნდის წევრებად უნდა დარჩნენ ყველანი, იმედი მაქვს ეს ასეც მოხდება. ფაქტია, რომ ინგლისურენოვანი პარლამენტარები გვიჭირს, რომ ევროპაში გაგზავნონ. უფრო განათლებული და უფრო დახვეწილი ხალხი უნდა მოვიდეს. რა თქმა უნდა, განათლებულიც ბევრია შიგნით, არ მინდა ეს შეურაცხყოფად მიიღოს ვინმემ, მაგრამ პარლამენტში უნდა შევიდეს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონწარმოებაში. ამ მხრივ ჩვენი გუნდი არ არის სანიმუშო. სანიმუშო ადამიანებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ძალიან ბევრი არ არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მუშაობისთვის, კანონწარმოებისთვის. უნდა მოვახერხოთ და ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, ბევრი ახალგაზრდით დაკომპლექტდეს, რომელსაც ხელეწიფება ამგვარი მუშაობა", - აღნიშნა ივანიშვილმა და დააკონკრეტა, რომ მომავალ პარლამენტში ადგილებს, თუ მას შეეკითხებიან რჩევას, "უკეთეს შემთხვევაში ნახევარი შეინარჩუნებს". ივანიშვილმა მომავალი საპარლამენტო სიის პირველი ნომრის დასახელებისაგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებში იგი იმაზე გაცილებით აქტიური იქნება, ვიდრე 2012 წელს იყო.