საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატები ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

rim-saz-1-MTAVARIსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი და საკრებულოს ფრაქციასთან ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“  არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპუტატები  ეზიდთა სალოცავს ეწვივნენ და მათ მიერ დაარსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გამრთულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

საკრებულოს წარმომადგენლებმა ნორჩი მხატვრების გამოფენა დაათვალიერეს და პატარა ხელოვანები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა ეზიდებს ცენტრის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  სახლი, რომელსაც საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვა აქვს, კიდევ უფრო დაახლოვებს ამ თემის წარმომადგენლებს.

რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა  საკოორდინაციო საბჭოს  შესახებ ინფორაცია მიაწოდა და მისი პრიორიტეტები გააცნო.

ია მაკასარაშვილმა კი, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებებზე ისაუბრა და სამგორის რაიონში მცხოვრებ ეზიდებს მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრა მოგვიანებით კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები  დედაქალაქში არსებული სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თემებით დაინტერესდნენ.

საკრებულოს წევრებმა თითოეული საკითხი დეტალურად განიხილეს და მასპინძლებს, როგორც თბილისის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.

შეხვედრა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ინიციატივით განხორციელდა. როგორც  რიმა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოში არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოში შესული ყველა ინიციატივა და მოსაზრება დეტალურად იქნება შესწავლილი. საჭიროების შემთხვევაში კი,  საბჭოს შუამდგომლობით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და  მერიისა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის მოეწყობა შეხვედრები, სადაც განხილული იქნება კონკრეტული წინდადებები.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“  არსებული ეროვნული უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მასში 15 დიასპორაა გაერთიანებული.

rim-saz-1-1 rim-saz-1-2 rim-saz-1-3
rim-saz-1-4 rim-saz-1-5 rim-saz-1-6
rim-saz-1-7 rim-saz-1-8 rim-saz-1-9