საზოგადოება
სტუდენტების ''ფოჩიანი კანფეტებით'' მოტყუებას ეს ხელისუფლება ძველებურად ვეღარ მოახერხებს

qutaisi-univeriდღევანდელი ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი კარგა ხანს ახერხებდა ''ფოჩიანი კანფეტებით'' სტუდენტთა გულის მონადირებას. მაგრამ, რომ იტყვიან, მისი მეთოდები მოძველდა და იმ პატრიოტული ბანაკებისა და უფასო გართობა-მხიარულების მიღმა საქართველოს ახალგაზრდობამ ნათლად დაინახა ამ ხელისუფალთა მზაკვრობა და საკუთარი უმოქმედობა.

დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, დიდი პრობლემა ისაა, რომ თვით სტუდენტები გახდნენ უმოქმედონი, იმდენად მორჩილნი, რომ არაფრის თქმის, თავისი აზრის გამოხატვის სურვილიც არ აქვთ. არადა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ სულ სხვანაირი სიტუაცია იყო, არსებობდა სტუდენტთა ჯგუფები, რომელთაც შეეძლოთ გაცილებით მეტის თქმაც და გაკეთებაც და კიდევაც გაუკეთებიათ...
''გული მწყდება, რომ დღეს უნივერსიტეტი სასაფლაოს უფრო ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ორგანიზმს, სტუდენტი უნდა იყოს აქტიური და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ლექტორ-მასწავლებლებს'', - ასე ფიქრობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე ბერაძე.

აქაურ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს არც უნივერსიტეტში სწავლების დონე აკმაყოფილებს. ''უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურაზე მეტად "შინაარსობრივი" პრობლემებია. პროფესორ-მასწავლებლების უმეტესი ნაწილი მოძველებული მეთოდოლოგიითა და ლიტერატურით ხელმძღვანელობს. არ არსებობს პროფესურის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გროშებზე, რომელსაც ისინი ღებულობენ. თითო-ოროლა პროფესორი თუ საკუთარი არხებით ცდილობს "განვითარებას", ეს საკმარისი არ არის. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს'', - აღნიშნა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში მესამე კურსის სტუდენტმა მაია შვანგირაძემ.
გამოკითხულთა უმრავლესობა სტუდენტთა პასიურობაზე როცა საუბრობს, იმასაც აღნიშნავს, რომ მათი მორჩილების მიღმა შინაგანი პროტესტი იმალება. თუმცა, თუ უნივერსიტეტს სწორად შემუშავებული სტრატეგია და ხედვა ექნება ( თუნდაც სულ მცირე მომდევნო 5 წლის განმავლობაში სად უნდა, რომ იდგეს) და სწორად შერჩეული მმართველთა გუნდი ( თუნდაც ნაკლები აკადემიური გამოცდილებით, მაგრამ თანამედროვე მართვის ხერხებით), რომელსაც საჭირო კავშირების დამყარება შეეძლება, ეს ბევრად წინ წასწევს აწსუ-ს.