საზოგადოება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა

1-iankely-sazog-3საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ქორთნი ოსტრიენი, სახელმწიფო მინისტის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის ოფიცერი შამენა გალი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლელა შველიძე.

სახელმწიფო მინისტრმა აშშ–ს ახალ ელჩს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. ელჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს შეხვედრისათვის და 13 ოქტომბერს დაგეგმილ რეგიონულ დიასპორულ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისათვის. შეხვედრაზე განხილული იქნა ფორუმისა და გლობალური დიასპორული კვირეულის ღონისძიებები.

ქორთნი ოსტრიენმა აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია.

იან კელი დაინტერესდა ქართული დიასპორის სტატისტიკით და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობით. სახელმწიფო მინისტრმა  ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საზღვარგარეთ დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, რასაც აპარატი  დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ აშშ–ს ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მარდაჭერისთვის, რასაც ამერიკა იჩენს საქართველოს მიმართ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა და თავად ელჩი კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე.