პოლიტიკა
“ვინ და რატომ "მოიაზრებს" საქართველოს სამხედრო ტერმინოლოგიით?!” - პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

1-jumbo-polit-1-analitსაქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე: მართლაცდა, ქართველებმა განა რა დავაშავეთ ასეთი, რომ დღეს, მშვიდობიან პერიოდში (თუნდაც, ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში), როცა ჩვენს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, საქართველოს მიმართებით უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სამხედრო ტერმინოლოგიას?! და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქართველი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების პირებიც, უცხოელ კოლეგებს ამავე ტერმინოლოგიით პასუხობენ და არ ცდილობენ სამხედრო ტერმინების ნაცვლად, შესაბამისი პოლიტიკურ–დიპლომატიური ტერმინოლოგიის შეთავაზებას!? აშშ–ში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს დაუსვეს შეკითხვა, სადაც ტერმინი "რადარი" შემდეგ კონტექსტში იყო ნახსენები – "...რატომ გაქრა საქართველო ამერიკის "რადარებიდანო.."?!

ამ წერილში, ჩემი ამოცანა არ არის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა (სხვა დროს!), უბრალოდ, გამაოცა ამერიკელებისგან სამხედრო ტერმინის გამოყენებამ საქართველოს მიმართ?! რა ხდება? ჩვენ ხომ, ღვთის წყალობით, არც ერაყი და არც სირია არ ვართ?! იქნებ, საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკურ–დიპლომატიურ კონტექსტს, სამხედრო–პოლიტიკური კონტექსტი ანაცვლებს და ჯერ არ ვიცით?! ყოველ შემთხვევაში, არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან ეს არავის აღუნიშნავს, ან მითუმეტეს გაუპროტესტებია. ვინც კი კომენტარი გააკეთა, პოლიტიკოსი იყო თუ ექსპერტი, ტერმინი – "რადარი" და "საქართველოს რადარიდან გაქრობა", ყველამ და ყველა ბრუნვაში "აბრუნა" იგი, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, თუ რისი მომტანია ქვეყნისთვის სამხედრო ტერმინოლოგიის პოლიტიკურ რიტორიკაში "შემოღება და დაფუძნება"?!

მავანთათვის, ცნობისთვის, ტერმინი "რადარი", 1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიერ იქნა გამოყენებული (RADAR - radio detection and ranging). ინგლისურ ენაზე - შემოკლებული სახელწოდებაა რადიოლოკატორის და რადიოლოკაციის, ასე განგვიმარტავს უცხო ენათა ლექსიკონი. საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ალტერნატივა არა აქვს, ისე, როგორც ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას! ამიტომ, ქართველებო, ყურადღებით ვიყოთ, გონს მოვუხმოთ და სხვის "დაკრულზე ცეკვას" გადავეჩვიოთ, რადგანაც თანამედრვე გლობალურ პოლიტიკაში, ყოველ სიტყვას და წერტილ–მძიმეს აქვს მნიშვნელობა!!!...

guardian.ge