რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - ვახტანგ გომელაურს: სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა და არა თავდაცვის სამინისტროსი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ხელმძღვანელობით!

1-arn-pol-3-red-1-mtსაქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს
ბატონო ვახტანგ!
მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გახდა, თავდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას ტარდება კიბერუსაფრთხოების ტრენინგები. მათ ატარებენ სპეციალისტები აშშ-დან და ნატოდან (როგორც სამხედროები, ასევე სპეცსამსახურების თანამშრომლები) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლებისა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან ადასტურებს ნატოში შესვლის კურსის უალტერნატივობას და რომლის დედაქალაქშიც გახსნილია ნატოსთან ერთობლივი საწვრთვნელი ცენტრი, გასაკვირი როდია, რომ გამუდმებით იმყოფებიან სპეციალისტები ნატოდან და აშშ-დან, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი გამუდმებით ბრიუსელში იმყოფება. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველომ უკვე შეასრულა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) და მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ასოცირებულ წევრად ნატოში MAP-ის გამოტოვებით. მაგრამ საქართველო ჯერ არ არის ნატოს წევრი, ეს კი ნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არაფერი შეცვლილა: ჩვენ დღეს ჩართული არა ვართ ნატოს სამხედრო უსაფრთხოების ზონაში. ამასთან, ხორციელდება საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ნატოს კიბერუსაფრთხოების ზონაში, რაც სტრატეგიულად ხელსაყრელია აშშ-თვის სამხედრო - სადაზვერვო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.  თუმცა, 2 წლის წინ, ედვარდ სნოუდენის წყალობით, მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ამერიკელებისგან ჯერ ადრეა კიბერუსაფრთხოების სწავლა. დღეს კი, როცა რუსეთმა რამდენიმე დღეში მოუხერხა „ისლამურ სახელმწიფოს“ ის, რაც აშშ-მა და ნატომ მთელი წლის განმავლობაში ვერ მოუხერხეს, ჩვენ ვხვდებით, რომ სამხედრო საქმის სწავლაც ამერიკელებისგან ნაადრევია.

 თავი დავანებოთ ნატოსა  და ამერიკელებს: ბატონო ვახტანგ! ხომ არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უპარტიო პროფესიონალი, არამედ საქართველოში ერთ-ერთი, არცთუ პოპულარული პარტიის ლიდერი? რომლის მეუღლეც - იმავე პარტიის ლიდერია და ამავდროულად სათავეში უდგას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს?

თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისას რატომ არ დატოვა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიის რიგები, როგორც თეა წულუკიანმა - პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები იუსტიციის მინისტრად დანიშვნისას? რატომ არ შეაჩერა რესპუბლიკური პარტიის წევრობა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას, როგორც ნინო გვენეტაძემ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევისას?

და რა ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, რომლის მდივანია - რესპუბლიკელი ირინე იმერლიშვილი?და რომლის სხდომაც გიორგი მარგველაშვილმა 2 წელიწადში 3-ჯერ ჩაატარა? რომელი საბჭოს სხდომებში უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი: პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებული უშიშროების საბჭოსი, რომელშიც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მონაწილეობს, თუ პრემიერ ღარიბაშვილთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოსი? და რა ეწოდება ჩვენს ქვეყანას - საქართველოს რესპუბლიკა თუ რესპუბლიკური საქართველო?

თავი დავანებოთ რესპუბლიკელებსაც: ბატონო ვახტანგ! ჩაიხედეთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში და აღნიშნეთ იქ ისინი, როელთა დასახელებაშიც არის სიტყვები: „უსაფრთხოება“, „სტრატეგიული“, „კრიზისი“, „კონფლიქტი“. შემდეგ შეადარეთ იმ  არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხას, რომლებსაც იწვევენ თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ტრენინგებში მონაწილეობისათვის. ბოლოს კი გადახედეთ იმ დასავლური ინსტიტუტების სიას, რომლებიც პენტაგონისა და ნატოს წარმომადგენლების მსგავსად, კიბერუსაფრთხოების ზემოაღნიშნულ ტრენინგებს ატარებენ და რომლების უკან ცე-რე-უს თანამშრომლები იმალებიან. შეადარეთ ეს სამი სია და მათში ბევრ საერთოს აღმოაჩენთ!

თავი დავანებოთ დასავლეთის სპეცსამსახურებს: ბატონო ვახტანგ! რა კავშირი აქვთ თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოებასთან, რომელიც 21-ე საუკუნეში სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი გახდა?! თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების მიმწოდებელი კი არა, მომხმარებელი უნდა იყოს, ხოლო მიმწოდებელი უნდა იყოს თქვენდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური! კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა და არა თავდაცვის სამინისტროსი და მით უმეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციების!

ბატონო ვახტანგ! არცთუ დიდი ხნის წინ თქვენ პასუხისმგებელი იყავით ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, რომელიც დღეს დე-ფაქტო წარმოადგენს კონსტიტუციის გარანტსაც და სტაბილურობის გარანტსაც სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავარი საზოგადოებრივი ლიდერის უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებში უნდა შედიოდეს. დე-იურე კონსტიტუციის გარანტს  ხომ ისედაც იცავს  საქართველოში ყველა ანტისახელისუფლო ძალა - იქნება ეს ოპოზიცია თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ამასთან, ცოტა ხნის წინ თქვენ  შსს-ს ხელმძღვანელობდით, სადაც უწყებრივ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ცალკე  - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად არის გამოყოფილი, თქვენი ხელმძღვანელობით. კუდ-ი მცირე ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ კიბერუსაფრთხოების განყოფილების შექმნამაც კი ვერ უშველა ამ საქმეს. მეტიც - დღესაც ზოგიერთი მედიასაშუალება ინტერნეტში ავრცელებს ახალ მაკომპრომეტირებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს პოლიციის თანაშრომლებსა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რაც, საბოლოო ჯამში, პრემიერი ღარიბაშვილისა და ექსპრემიერი ივანიშვილის კომპრომეტირებას ემსახურება. სავსებით ნათელია, რომ სპეცაპარატურა უწინდებურად ნაცებისა და ვანო მერაბიშვილის ინტერნეტ-დივერსანტების ხელშია, ანდა უშუალოდ შსს-ს სისტემაში ჩარჩენილია „თხუნელათა“ ჯგუფი. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთივე ამერიკული აპარატურა (უფრო სრულყოფილი თუ არა) აქვს თავდაცვის სამინისტროსაც: რატომ არ გადაეცა იგი დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს?

1-arn-shuashi

ქართული სპეცსამსახურების ზემოჩამოთვლილი ნაკლოვანებების გარდა, არ შემიძლია არ მოვიხსენიო კიდევ ერთი - ისინი მედიის ანალიტიკოსი-სპეციალისტების აშკარა დეფიციტს განიცდიან, მათ შორის - რუსული ენის მცოდნე სპეციალისტების (პოსტსაბჭოთა სივრცის საერთო საინფორმაციო ველის ენის). თუ თქვენ, ბატონო ვახტანგ, გყავთ თანამშრომელი-სპეციალისტები, რომლებიც რუსულენოვან ინტერნეტსივრცეს სწავლობენ, მაშინ მაგიდაზე უკვე უნდა გედოთ ცნობა, რომ 2015 წლის 9 - 10 ოქტომბრის ღამეს გაზეთის - Коммерстантъ.ru ვებსაიტმა განათავსა პუბლიკაცია სათაურით „სახელმწიფო კიბერმნიშვნელობის ამოცანები, რომელიც შეიცავს მნიშნელოვან ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. აი რას იტყობინებიან პუბლიკაციის ავტორები ელენა ჩერნენკო, ვლადისლავ ნოვი და ივან საფრონოვ(ვახდენ მოკლედ ციტირებას): 

„რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინა 2016 წელს უნდა მიიღონ. პროექტის საკვანძო დებულებებში ნათქვამია, რომ საინფორმაციო სივრცე სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად, ასევე, ტერორისტული და სხვა კანონსაწინააღმდეგო მიზნებით. ახალი დოქტრინის ავტორები გამოყოფენ საფრთხეების 5 ბლოკს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საინფორმაციო სფეროში. რფ-ის ხელისუფლება მთავარ საფრთხედ მიიჩნევს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყანაში შიდაპოლიტიკური და სოციალური სიტუაციების დესტაბილიზაციისათვის (ასევეა საქართველოშიც, ბატონო ვახტანგ! - ა. ხ.)

1. უცხოეთის ქვეყნები აძლიერებენ პოტენციალს საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის - რფ-ის კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებისათვის (ელექტროქსელები, ტრანსპორტის მართვის სისტემები და სხვ.), რუსეთის სახელმწიფო ორგანოების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და თავდაცვის სამრეწველო კოპლექსის საწარმოების ტექნიკური დაზვერვისთვის.

2. ცალკეული სახელმწიფოების სპეცსამსახურები და მათ კონტროლქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ საინფორმაციო-კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, შიდაპოლიტიკური და სოციალური სიტუაციის სადესტაბილიზაციოდ. (როგორც საქართველოში მოქმედი სპეცსამსახურები არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და ინსტიტუტების საფარქვეშ - ა. ხ.) საფრთხედ განიხილება უცხოურ მედიაში იმ მასალების მოცულობის გაზრდის ტენდენციაც, რომლებიც არაობიექტურ და მიკერძოებულ ინფორმაციას შეიცავს რფ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ (როგორც სააკაშვილი და ნაცები აშავებენ საქართველოს მთავრობას გაეროს, ეუთოსა და დასავლური მედიის თვალში! - ა. ხ.), ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ზრდა ქვეყნის მოსახლობაზე, პირველ რიგში - ახალგაზრდობაზე, კულტურული და სულიერი ღირებულებების განადგურების, ზნეობრივი ნორმების, ისტორიული საფუძვლებისა და პატრიოტული ტრადიციების ამოძირკვის მიზნით (ჩასვით „რფ“-ის ნაცვლად „საქართველო“, ბატონო ვახტანგ, დანარჩენში არავითარი განსხვავება არ არის! - ა. ხ.).

3. დოკუმენტში მითითებულია კომპიუტერული დანაშულების მასშტაბების ზრდა, უწინარესად, საკრედიტო-საფინანსო სფეროში, და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონიერი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტების რიცხვის ზრდა (იხ. ზემოთ - საიდუმლო აუდიო და ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტები - ა. ხ.)

4. კონსტატირებულია „რუსეთის ჩამორჩენა წამყვანი უცხოური სახელმწიფოებისგან კონკურენტუნარიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათ საფუძველზე პროდუქციის შექმნაში“, რაც განაპირობებს ქვეყნის დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოების საექსპორტო პოლიტიკაზე (იხ. ზემოთ - საქართველოს ინტეგრაცია ნატოს კიბერუსაფრთხოების ზონაში თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით - ა. ხ.).

5. საფრთხედაა მიჩნეული ცალკეული სახელმწიფოების მისწრაფება, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად, გამოიყენონ ტექნოლოგიური დომინირება გლობალურ საინფორმაციო სივრცეში („ცალკეული სახელმწიფოები“ ჩამოთვლილი არაა, თუმცა საუბარია აშშ-ზე - „საქართველოს №1 სტრატეგიულ პარტნიორზე“). ქვეთავში, რომელიც თავდაცვის სფეროში საინფორმაციო უსაფრთხოებას ეხება, ნათქვამია „მოსახლეობაზე და პირველ რიგში - ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებზე საინფორმაციო ზეგავლენისკენ მიმართული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე, რადგან ეს საქმიანობა მიზნად ისახავს სამშობლოს დაცვის სფეროში ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციებისთვის ძირის გამოთხრას(no comment, ბატონო ვახტანგ! ნუთუ თქვენი რუს კოლეგები ამ დოქტრინას საქართველოსთვისაც წერდნენ?! - ა. ხ.) .

მოსკოვში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს „არაბული გაზაფხულის“ დროს მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის სოციალური ქსელების გამოყენებას, ვარაუდობდნენ რა, რომ ეს პროცესები ინსპირირებული და კოორდინირებული იყო გარედან... საფრთხების ამავე სურათში თავსდება უკრაინის მოვლენებიც. დოკუმენტის პროექტში ასეევ ნათქვამია რფ-ის გეოპოლიტიკის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. და აქ კვლავ საუბარია „რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებზე უცხოური საინფორმაციო სტრუქტურების მიერ, რუსეთისთვის არატრადიციული მორალური და ზნეობრივი ღირებულებების თავსმოხვევის გზით, ნეგატიური ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ“. 

ბატონო ვახტანგ!
გაეცანით, თუ შეიძლება, რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინას სრულად - ვფიქრობ, იქ ბევრ სასარგებლო რამეს აღმოაჩენთ, რაც ურიგო როდი იქნებოდა, თქვენს სამსახურსაც გაეთვალისწინებინა. შეაჯარეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან - ძალოვან სტრუქტურებში, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებაში - ვფიქრობ, არცთუ ცოტა ინფორმაციას გამონახავთ განსჯისათვის...

პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 12 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1-arn-sul-qveot