პოლიტიკა
„გრეჩიხამ“ ხუბუასთან პირდაპირ ეთერში დებატებს თავი აარიდა

asavaliგაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გუშინ საღამოს ტელეკომპანია “მაესტროს”, გადაცემა “არგუმენტში” დაგეგმილ დებატებში პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, თუმცა მანამდე ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტთან შესახვედრად ყველგან მზად იყო. ალბათ, „გრეჩიხას“ პირდაპირი ეთერი არ ჰქონდა მხედველობაში და „დიალოგს“ ქუჩაში გეგმავდა.

“ქართული პარტიის” წევრებიდან სასაუბროდ მზად მხოლოდ კახა მიქაია აღმოჩნდა, რომელსაც ჟურნალისტი გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე რადიო „პალიტრის“ ეთერში ესაუბრებოდა. სწორედ კახა მიქაიამ გააკეთა განცხადება ხუბუას პირად უსაფრხოებასთან დაკავშირებით და, ჟურნალისტის თქმით, იგი შეურაცხყოფაზეც გადავიდა, რის შემდეგაც ჯაბა ხუბუამ რადიოს პირდაპირი ეთერი დატოვა.

მიქაიასთან გადაცემა „არგუმენტში“ შეხვედრაზე თავად ხუბუამ განაცხადა უარი, რადგან სტატია მას  „ქართულ პარტიაზე“ არ დაუწერია. ჯაბა ხუბუა ირწმუნება, რომ შეხვედრა, რომელზეც ის საუბრობს და რომლის ირგვლივაც, რამდენიმე დღეა, საუბარი არ წყდება, არ არის გაჩეჩილაძის, ბურჯანაძისა და უსუფაშვილის ცნობილი შეხვედრა პრეზიდენტთან. “ეს მოხდა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, ინაუგურაციამდე და იპოდრომის მიტინგამდე, რომლის შემდეგაც, გაჩეჩილაძემ ხალხი დაშალა და სახლებში გაუშვა,” - განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში. თუმცა ჯერჯერობით უცნობი დარჩა იმ ადამიანის თუ ადამიანების ვინაობა, რომელთა მეშვეობითაც ეს დიალოგი საჯაროდ გახდა ცნობილი. “ეს ადამიანები რადიკალურად არიან დაპირისპირებულნი ხელისუფლებასთან; მათ სურთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, მოისპოს სააკაშვილის რეჟიმი,” – განაცხადა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტი ახალ მასალებსა და იმ ხელნაწერს, რომელიც, მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, საზოგადოებას სულ მალე , სავარაუდოდ, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ახალ ნომერში დაჰპირდა.

ხუბუამ მის უსაფრთხოებაზეც გააკეთა განცხადება და ხალხს მოუწოდა, რომ რაიმე სახის პროვოკაციის შემთხვევაში, იგი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და „ქართული პარტიის“ წევრებსა და მათ მეგობრებს დაადებს ხელს.

ამ განცხადებას გადაცემის მეორე ნაწილში „გრეჩიხას“ ძმა, მომღერალი „უცნობი“ გამოეხმაურა და თქვა, რომ ხუბუას რომ მართლა რამე მოუვიდეს, საზოგადოება დამნაშავედ მხოლოდ ”ქართული პარტიის ” წევრებს ჩათვლის, რაც მათთვის დაუშვებელი და მიუღებელია. მან გადაცემის მსვლელობისას წყაროს არსებობა გამორიცხა და ჯაბა ხუბუას ფულზე გაყიდული ჟურნალისტი უწოდა, რომელსაც ამ გზით კარიერაში ერთი საფეხურით მაღლა ასვლა სურს. ამასთან, ჯაბა ხუბუამ ეთერში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი წყაროთი ხელმძღვანელობს და, თუკი აქვს საინტერესო ინფორმაცია, ამის გამოქვეყნებაზე არც ერთი მოქმედი ჟურნალისტი არ იტყვის უარს.

გია გაჩეჩილაძემ იპოდრომის მიტინგის დაშლა იმ ფაქტით ახსნა, რომ მათ ხალხზე იფიქრეს და, უბრალოდ, არ წავიდნენ სისხლის ღვრაზე. „უცნობმა“ ასევე თქვა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას, როდესაც ის 300 ათასი ადამიანი, რომლებზეც გრეჩიხა ასე ზრუნავდა და რომლებიც მათ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, „გრეჩიხა“ მისი ბავშვობის ოცნებაზე საუბრობდა სააკაშვილთან. გიორგი გაჩეჩილაძე მისი ძმის სიმართლეში დარწმუნებულია და იგი დაელოდება ექსპერტიზის გადაწყვეტილებას, “აფერუმ ჩვენს ძმობას, თუ ლევანისა და სააკაშვილის შეხვედრაზე და ოც მილიონზე მე არაფერი ვიცი და ვიღაც ხუბუამ იცის. ეს გამორიცხულია! თუ ექპერტიზა დაადგენს, რომ ეს მართლაც ლევანის ხელნაწერია, მე მზად ვარ, პირდაპირ ეთერში გამოვიჭრა ყელი, ხოლო თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, მაშინ ჯაბა ხუბუამ ეს გაზეთი დაახვიოს და შეჭამოს,” - პირდაპირ ეთერში განაცხადა „უცნობმა“.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საუბარია სტატიაზე „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (13–19 დეკემბრის №50) გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა იუწყებოდა, რომ მან ნახა ფურცელი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, გადასცა პრეზიდენტს,სადაც ეწერა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მას 5 მილიონი მოსთხოვა პირადი მოხმარებისთვის, ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის ჩამოსაყალიბებლად კი - 10–12 მილიონი, პრემიერ-მინისტრის პოსტი – თავისთვის ან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის – დავით უსუფაშვილისთვის; უარეს შემთხვევაში, უსუფაშვილის მეუღლის და თანაპარტიელის – თინა ხიდაშელის საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა.