საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ციხის ბუნტის პროვოცირებას გეგმავს. სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ე.წ. კანონიერ ქურდებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
ლადო სადღობელაშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ სათავო ოფისი არა 3,5 მილიონ ლარად, არამედ 12 მილიონი ლარად გაყიდეს.
„ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი იყიდებოდა, ამ პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა მომაწოდა. მანვე ისიც მითხრა, რომ „ნაციონალებს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ოფისის გაყიდვით აღებული თანხის ნაწილი პარტიიდან გასულ ხაჩიძეს, მელაძეს, კუბლაშვილსა და ჯაფარიძეს უნდა მისცენ, რადგან ამ ოთხეულმა საკუთარი წილი მოითხოვა.
ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი ერთ-ერთმა რუსმა ბიზნესმენმა შეიძინა, თანაც არა 3,5 მილიონად, არამედ 12 მილიონ ლარად.
„ნაციონალები“ სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე ციხეში ერთდროულად გამოიწვიონ სერიოზული ბუნტი! ჩემი ინფორმაციით, გივი თარგამაძე შეხვედრებს მართავს ე.წ. კანონიერ ქურდებთან და დიდი თანხის სანაცვლოდ სთხოვს მათ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ციხეებში ბუნტის პროვიცირებაში დაეხმარონ! ასე, რომ ხელისუფლებას ვაფრთხილებ, – „ნაციონალები“ ციხეებში სერიოზული ბუნტის პროვიცირებისთვის ემზადებიან“, – აცხადებს, კერძოდ, ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.