საზოგადოება
"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი

bizina-sazog-2-analitსაქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” ვებგვერდზე გავრცელდა.

ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.

მე ყოველთვის მკვეთრ ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.

ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა.

ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა", - აღნიშნულია, კერძოდ, განცხადებაში.