საზოგადოება
„საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი მზარდი ურთიერთობები ნატოსთან“ - პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი

sazog-3-analitსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე. „აშშ-ის შემდეგ ჩემი ქვეყანა არის ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი მებრძოლთა რაოდენობის კუთხით.ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან. ისინი ამაყობენ თავიანთი ქვეყნით. ჩვენ კი პატივს მივაგებთ მათ. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მოვიხსენო მამაცი ქართველი მებრძოლები, რომლებიც დგანან სამშობლოს სამსახურში და რომლებმაც თავი შესწირეს მშვიდობისა და თავისუფლების საქმეს. საქართველოს წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ამით არ მთავრდება. საქართველო ასევე უჭერს მხარს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს, არის რა სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიაში. საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი მზარდი ურთიერთობები ნატოსთან. შარშან გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსი დათანხმდა საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე, რომლის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ჩვენი, როგორც ნატოს მოკავშირის, ინტეგრირების დონის ამაღლება. სულ ახლახან ჩვენ გავხსენით ერთობლივი ტრენინგისა და შეფასების ცენტრი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეგმებზე აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით. „შარშან მე წილად მხვდა პატივი, გამეცხადებინა საქართველოს გეგმები აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებასთან დაკავშირებით. დღეს მე ვამაყობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და სულ რამდენიმე კვირაში თბილისი უმასპინძლებს ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს. საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე, რასაც ხაზი გაესვა, როდესაც საქართველომ წელს უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრას. ამ კონტექსტში მე მივესალმები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1). საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ ეს პროცესი დადებითად განვითარდება და წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.