საზოგადოება
„მე ვგმობ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას“ პრემიერ–მინისტრი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

sazog-2-analitსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, რუსეთი განაგრძობს უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე.
„მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ძირეულ უფლებებს. მათ არა აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლება. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი ისევე, როგორც ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლის იმედები და ოცნებები, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კონფლიქტით მიყენებული ტკივილთან ერთად, არსებობს უმძიმესი შედგები დევნილებისთვის. პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ საცხოვრებლით უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი.

რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელ წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით,“–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.