საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზის უდიდეს ნაწილზე მას შემდეგ, რაც ქალაქი რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს თალიბანის მებრძოლებმა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 150 ექსტრემისტი გაანადგურეს წინა ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად და ყუნდუზში აღარ იმყოფებიან მეამბოხეები. სამინისტრო აცხადებს ასევე, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. მაგრამ თალიბანის წარმომადგენელმა უარყო ცნობა მთავრობის ჯარების მიერ ყუნდუზის აღებაზე. მან საინფორმაციო სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ მეამბოხეები კვლავაც უწევენ წინააღმდეგობას მთავრობის ჯარებს ყუნდუზის ცენტრში და აკონტროლებენ ქალაქის უდიდეს ნაწილს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ოპერაციაში მონაწილე ავღანელმა სამხედრო სარდლებმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის 1 ოქტომბერს მიაწოდეს ინფორმაცია ყუნდუზში შექმნილ ვითარებაზე.