აქტუალური
PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შესწორებები არ გაითვალისწინეს

1-pase-aqtual-1-analitსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა, გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".