საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგეობისა და ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, 13-14 ივნისისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ჩუღურეთის რაიონში სტიქიამ 110 ობიექტი დააზინა, რომელთა რეაბილიტაციისათვის თბილისის მერიამ 1 520 000 ლარი გამოყო.
„მოგეხსენებათ, ჩუღურეთის რაიონი დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი რაიონია.
ზემო ჩუღურეთი, სადაც 100-150 წლის სახლები კლდოვან ფენებზეა განლაგებული, ტერასული სტილითაა ნაშენები. გამაგრებასა და რეაბილიტაციას კი თითქმის ყოველი მეორე სახლი საჭიროებს.
13-14 ივნისის ტრაგედია ჩუღურეთის რაიონსაც შეეხო და ის თანხა, რომელიც მერიამ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის გამოყო, სახლების სახურავების შესაკეთებლად, საყრდენი კედლების გასამაგრებლად, მიმდინარე ტერიტორიების მოსაწესრიგებლად, ნაშალი მიწის გამოსატანად და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოებზე იხარჯება“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების თითქმის 80% შესრულებულია და ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნული სამუშაოების წლის ბოლომდე დასრულებას გულისხმობს, გაწერილი გეგმის თანახმად იქნება შესრულებული.