უცხოეთი
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთისა და აზერბაიჯანის 10 ჯარისკაცი დაიღუპა

1-karabax-zar-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბერს, გვიან ღამით ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაღუპულებს შორის 3 აზერბაიჯანელი და 7 სომეხი ჯარისკაცია.

ბი-ბი-სის“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთი დაადანაშაულა. „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიმართეს პრევენციულ ზომებს სომხური მხარის იმ მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც ფრონტის ხაზზე დაძაბულობის გამოწვევას ისახავდნენ მიზნად. ცეცხლის გახსნის შედეგად მოწინააღმდეგე ქვეყნის 7 სამხედრო მოსამსახურე იქნა განადგურებული, არიან დაჭრილებიც“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კონფლიქტის ზონაში სიტუაცია გასულ კვირაში გამწვავდა. საინფორმაციო სააგენტო Кавказский Узел-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა სარაკეტო მოწყობილობების გამოყენებით სამხედრო ქვედანაყოფებზე თავდასხმაში, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ სროლები მოწინააღმდეგის თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენდა და ერთ-ერთი ასეთი სროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.