საზოგადოება
„მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელიც გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას” - ირაკლი ღარიბაშვილი
1-buduSee-sazog-1საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოთხ მიზანზე: ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ყველასთვის ხელმისაწვდომი, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
“საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს მთავრობა ახორციელებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას. პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე,”
- აღნიშნა პრემიერმა.