გასულ წელთან შედარებით ნაძვის ხის სათამაშოები საშუალოდ 15%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ნაძვის ხის სათამაშოებით მოვაჭრე მაღაზიებში აცხადებენ. მათი თქმით, პროდუქციის გაძვირება მომწოდებელთა მხრიდან ფასის გაზრდამ გამოიწვია და, რადგან ნაძვის ხის სათამაშოების 100% იმპორტირებულია, გაძვირება ადგილობრივ ბაზარზეც მოხდა.
მაღაზია „ბალუს“ დირექტორის - ზაალ ქავთარაძის განცხადებით, ნაძვის ხის სათამაშოები ზუსტად იმდენით გაძვირდა, რამდენითაც მომწოდებლებმა გააძვირეს, ანუ 10-15%-ით. სადღეისოდ „ბალუში“ ფასები 50 თეთრიდან 3.50 ლარამდე მერყეობს. კომპანიას საახალწლო აქსესუარები ევროპიდან და ჩინეთიდან შემოაქვს.
ამასვე აცხადებენ ბაზრობებზე განთავსებულ მაღაზიებშიც. ჩინური პლასტმასის სათამაშოები, რომლებიც შარშან 50-70 თეთრი ღირდა, წელს უკვე 1 ლარი ღირს. შესაბამისად, გაძვირდა ევროპიდან შემოსული მინის სათამაშოები, რომელთა ღირებულება ზომების მიხედვით 1,5-დან 9 ლარამდეა.