აქტუალური
უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები გახდებიან

icc-logoდიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.

მემორანდუმის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები გახდებიან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის პოპულარიზაციასა და რეკლამირებას საზღვარგარეთ.

საქინფორმი სავაჭრო პალატის წარმომადგენელს, რევაზ ნაჭყებიას დაუკავშირდა. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრმა პალატას ბიზნესმენები 29 ქვეყნიდან წარუდგინა. ამიერიდან ამ 29 ქვეყნიდან შვეიცარიაში სავაჭრო პალატის მუდმივი წარმომადგენელი გიორგი კავკასიძე იქნება, გერმანიაში (ჰამბურგი) - ბექა გუჩუა. კითხვაზე - შესთავაზა თუ არა სავაჭრო პალატას მინისტრმა რუსეთის წარმომადგენელი - ბატონმა რევაზმა უარყოფითი პასუხი გაგვცა.