რედაქტორისგან
ბატონო ირაკლი, ეგებ ჯობდა 100 ათასი გადაგვეხადა ცოცხალი ყულჯანიშვილისა და მისი თანამოსამსახურეებისთვის, რათა ისინი საქართველოში დარჩენილიყვნენ, და არა ავღანეთში აშშ-ის დასაცავად წასულიყვნენ? - საქინფორმის მთავარი რედაქტორი საქართველოს პრემიერს ეკითხება

1-omi-polit-2-REDAQ-2გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, მინისტრთა კაბინეტმა კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილის ხსოვნას მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის დავალებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს, ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ავღანეთში პატრულირების დროს კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის გასაგრძელებლად მას გერმანიაში გადაიყვანენ.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2009 წელს გაგზავნა საქართველოს მაშნდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სადღეისოდ ჩვენ 31 სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა, მათ შორის - იმდენად მძიმედ, რომ ბევრი მათგანი სამუდამოდ დახეიბრდა ან გარდაიცვალა, მიუხედავად აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობისა.

ქართული კონტინგენტი რიცხოვნობით მეორე ადგილზე რჩება თავად ნატოს წევრ-ქვეყნების შორის (ამერიკის შემდეგ), მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ იგი 750 სამხედრო მოსამსახურემდე შეამცირა. ასევე, ახალი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა ხელფასები, რომლებსაც საქართველოს თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის თავის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში - მაგალითად, რიგითი ჯარისკაცის თვიური ხელფასი 1001 აშშ დოლარამდე გაიზარდა. (როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ასეთსავე ქართველ დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინაში 2-ნახევარჯერ მეტს უხდიან - 2500 აშშ დოლარი თვეში, პლუს 2500 დოლარი ავანსის სახით). როტაციის გათვალისწინებით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტები, ჩეულებრივ, 6 თვის ვადით იდება.

გამოდის, რომ გუშინ, ჩასაფრებაში დაღუპული რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომლის ცხედარს დღეს საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენებენ (საქართველოში „ტვირთ 200“-ს, როგორც ყოველთვის, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოიტანს), ავღანეთში 6 თვის განმავლობაში სულ 6006 აშშ დოლარი უნდა ეშოვა. ახლა კი საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის ოჯახს 100 000 ლარს გადაუხდის, რაც დოლარის ექვივალენტში 41 666 დოლარს შეადგენს (რაც ავღანეთში 6 თვის სამსახურში 7 ქართველი ჯარისკაცის ხელფასის ტოლია).

ბატონო საქართველოს პრემიერ-მინისტრო! განა უმჯობესი არ იყო, ეს თანხა ცოცხალი ყულჯანიშვილისა და მისი თანამოსამსახურეებისთვის გადაგვეხადა, რათა ისინი საქართველოში დარჩენილიყვნენ და დაეცვათ თავისი სამშობლო და არა ამერიკელები ავღანეთში, რომლებმაც არ იციან, როგორ გაასწრონ მათივე მთავრობის მიერ გაჩაღებული უაზრო, აპრიორი - წაგებული ომიდან?! ვისი ინტერესებისთვის იღუპებიან შორეულ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები, რომელთა მშობლებსაც შვილს 100 მილიარდი დოლარიც ვერ შეუცვლის? საერთაშორისო ნარკოკარტელების ინტერესებისა და რამდენიმე ამერიკელი ოლიგარქის გამდიდრებისათვის, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე რომ მუშაობენ?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2015 წლის 24 სექტემბერი
საქართველო, თბილისი