სამართალი
შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი პასუხისგებაში მისცა

1-comp-samart-3საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთი ვებ-საიტის ელექტრონული საგადახდო დავალების ვებ-გვერდში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურეობას და პროდუქციას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით - 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.