ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები. ს/ს. ,,ზუგდიდგაზის'' დირექტორის - ლევან ჭანიას განმარტებით, 2 წელიწადში ქ. ზუგდიდი და მისი სოფლები მთლიანად გაზიფიცირებული იქნება. ,,2011 წლისათვის ზუგდიდის მოსახლეობის 60-70% იქნება გაზიფიცირებული. სულ გათვალისწინებულია, ქალაქად და სოფლად გაზი მიეწოდოს 30000 აბონენტს. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობში, აბაშაში, ფოთში. აქ სამუშაოებს ,,სოკარი'' აწარმოებს, ხოლო სენაკსა და მარტვილში - კერძო ფირმები. აბაშაში ამჟამად 500-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება,” - აღნიშნა ლევან ჭანიამ.
ზუგდიდში კი ამ პერიოდისთვის გაზი მიეწოდება 195 ოჯახს და 3 კომერციულ ობიექტს. არადა, მილსადენები გაყვანილია, ქსელში კი გაზი არის. მოსახლეობას რომ საამისო თანხები გააჩნდეს, გაზით სარგებლობა 2500-მდე ოჯახს შეეძლებოდა (თითოეულ ოჯახს ქსელიდან გაზის შეყვანა, მისი დამონტაჟება 400-500 ლარი უჯდება).
,,ჩვენ ყოველნაირად ვუწყობთ ხელს მოსახლეობას, თუ მათ სურთ გაზის ქსელში ჩართვა, მაგრამ არ გააჩნიათ საკმარისი თანხა. ,,საქართველოს ბანკის” მეშვეობით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განვადების მისაღები პირობებით ისარგებლონ, ხოლო ,,სოკარ ჯორჯია გაზის” ტექნიკური სამსახური გაზიფიკაციის სამუშაოებს უმოკლეს ვადაში შეასრულებს,” – განაცხადა ლევან ჭანიამ.
ასე რომ, გაზი არის, მაგრამ იგი მოსახლეობის უმრავლესობისათვის ჯერჯერობით მიუწვდომელია.