პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია ერთმანეთის ჩასაძირად ემზადებიან

alasania-targamadzeგიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია ელექტორატს ვერ იყოფენ. ამ ორი პარტიის ლიდერებს ერთმანეთი თვალში აღარ მოსდით და ერთმანეთისთვის ფეხის დასადებად ემზადებიან.

როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ალასანიას საკუთარი თანაპარტიელები მოუწოდებენ, რომ თარგამაძეს „დასცხოს“ და ქრისტიან დემოკრატების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოვიდეს.

თავის მხრივ, ვალში არც თარგამაძის პარტია დარჩება, მით უფრო, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს ერთ-ერთ შეხვედრაზე ღიად უთქვამს: ალასანია და მისი პარტია ატროფირებულია და „თავისუფალი დემოკრატების“ რეიტინგი 2-3%-ზე მეტი არ არისო.

თარგამაძე იმასაც ამბობს, რომ ალასანიას პარტია ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგს ვერც კი მიუახლოვდება, რადგან ალასანია გაურკვევლობაშია და ხან ქუჩის აქციებისკენ იხრება, ხან – ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდისკენ.

გიორგი თარგამაძის აზრით, ირაკლი ალასანია მიხვდა, რომ ქუჩის აქციებით ვერაფერს მიაღწევს, და იმ გზას დაადგა, რასაც ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში შესვლის დღიდან ადგნენ (ანუ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა).

ამ ორ პარტიას ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავს, ორივე პარტიის ამომრჩეველი ზომიერი ოპოზიციაა და არ არის რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე. ამდენად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ორივე პარტიის ლიდერები იბრძოლებენ და ერთმანეთის ჩაძირვასაც არ მოერიდებიან.