საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ.
ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.წ.“რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. “თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს”, სასამართლომ გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.