„სახელმწიფო ჭარბ ყურძენს 60 თეთრში ჩაიბარებს“ - ოთარ დანელია
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა. „კერძო ქარხნებში თეთრ ყურძენზე დაფიქსირებულია 70 თეთრი. წითელი ყურძენი ღირს 80 თეთრიდან ზევით. ჩვენ გარანტირებულად, იმიტომ რომ შეიძლება ყურძენი იყოს ჭარბი, მზად ვართ, 60 თეთრში მივიღოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირება და ყურძნის ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფოს 60 მილიონი უჯდება.
„სუბსიდირება და ჩაბარება 60 მილიონი ჯდება. მე როგორც მინისტრისგან ვიცი, კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100 %-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს", - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე გლეხებსაც მიმართა და სთხოვა, "პროვოკატორებს" აღარ შეხვდნენ. „არ შეხვდეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ ვიღაც დესტრუქციულ ძალებს საშუალება გამოგიყენო სიტუაციის უფრო დასაძაბვად. თქვენ კი, მინდა მინისტრებს მივმართო, შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ნამდვილ ფერმერებს და არა უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" გადაცმულ წევრებს, რომლებსაც არც ვენახი აქვთ, არც ყურძენი და საერთოდ არ ანაღვლებთ გლეხის მდგომარეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.