სამართალი
საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მაია ტ. და ლალი კ. დააკავეს, ხოლო მანანა მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
დაკავებულები აფხაზეთიდან დევნილი პირებისგან თანხების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდნენ. ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის ბინის მიღებისთვის საჭირო ქულების მომატება. დაკავებულებმა, ბინის მიღების კანდიდატთა სიაში ჩასმის სანაცვლოდ, დევნილ ქალბატონს 6 000 აშშ დოლარი გამოართვეს.
სამართალდამცველებმა ლალი კ-ს პირადი ჩხრეკისას 1000 აშშ დოლარი, მანანა მ-ს პირადი ჩხრეკისას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მაია ტ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 3000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.