აქტუალური
თბილისს მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა ექნება
1-plan-AQTUAL-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული მსხვილი საერთაშორისო კონსორციუმი უკვე გამოვლენილია.
საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა-შეფასების პროცესში დედაქალაქის მთავრობას კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC.
ანგარიში კონკურსის შესახებ დედაქალაქის მერმა და კომპანია PWC-ის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს. მთავრობის მეთაური გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსით მსხვილი კომპანიების დაინტერესებას მიესალმება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თბილისს, ისტორიაში პირველად, სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 11-მა მსხვილმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთი საუკეთესო შეირჩა. გამარჯვებულს თბილისის მერი დავით ნარმანია მიმდინარე კვირაში დაასახელებს.