საზოგადოება
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკანის ახალაშენებული სკოლიდან მიულოცა (ვიდეო)

1skola-SAZOG-1-mtსაქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ლამაზ, თანამედროვე შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.
ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ასეთ განათებულ, თანამედროვე სკოლებში. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს განათლებაზე, ვინაიდან, განათლებული თაობის გარეშე ყოველგარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ჩვენთვის მართლაც პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მთავრობა, განათლების მინისტრი ყველაფერს ვაკეთებთ", – განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა (ვიდეო.იხ. აქ).
გუშინ დავბრუნდი ჩინეთიდან. ჩინეთში ცხოვრობს მილიარდ ექვსასი მილიონი ადამიანი. ჩვენთან ცხოვრობს მხოლოდ სამი მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. ჩინელებმა შეძლეს, რომ თავიანთ ქვეყანაში მართლაც საოცრებები გააკეთეს. შეძლეს იმით, რომ განათლებას, ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, მეცნიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას, მასწავლებლებს, მშობლებს, ვინაიდან სწორედ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ სათანადოდ, მომზადებული, განათლებული თაობა აღვუზარდოთ ჩვენს სამშობლოს", - აღნიშნა, კერძოდ, პრემიერმა.

წილკანის ახალი სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, შიდა სპორტული დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, ბუფეტი, ლიფტი, 20 საკლასო ოთახი. სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლაში ამჟამად სწავლობს 285  მოსწავლე და მუშაობს 26 მასწავლებელი.

ბოლო სამი წლის მანძილზე აშენდა 9 სკოლა და რეაბილიტირდა 1000-ზე მეტი სკოლა. ამ ეტაპზე, შენდება 8 სკოლა და ხორციელდება 114 სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 20 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

1skola-sazog-1-1 1skola-sazog-1-2